სიმონა კუტი - ქვემო იმერეთში გალობის გამავრცელებელი (წმ. გიორგის ეკლესიასთან არსებული სასწავლებელი ხონში)

საქართველოში ეკლესია-მონასტრებთან ყოველთვის არსებობდა საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც სრულყოფილ, ან ზოგად განათლებას აძლევდნენ ნიჭიერ და სწავლით დაინტერესებულ ახალგაზრდებს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია შემდეგი სამონასტრო სკოლები: გელათის, მოწამეთის, კაცხის, ჭელიშის, სვეტიცხოვლის და შიომღვიმის. აქ განათლებამიღებული ადამიანები თავიანთ ცოდნას ქვეყნის სამსახურს ახმარდნენ.

ქვემო იმერეთში, დაბა ხონში,  წმ. გიორგის ეკლესიასთან არსებობდა სასწავლებელი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა მთელს ვაკე იმერეთში.

 (ხონის წმ. გიორგის ეკლესია)

ჩვენთვის უცნობია, თუ რომელი საუკუნიდან დაიწყო არსებობა ხსენებულმა სასწავლებელმა, თუმცა, გვხვდება ცნობები, რომ XVII-XVIII საუკუნეებში ამ სკოლაში არაერთი საეკლესიო მოღვაწე აღიზარდა.

სხვადასხვა ისტორიული წყაროს შეჯერების საფუძველზე, ჩანს, რომ 1814 წლიდან სასწავლებელს ხელმძღვანელობდა იმერეთში ქართული საეკლესიო გალობის ცნობილი გამავრცელებელი, სრული მგალობელი — სიმონ ფირცხალავა, იგივე სიმონა კუტი.

სულხან-საბას ლექსიკონის - „სიტყვის კონის“ მიხედვით, კუტი საპყარს ნიშნავს, ხოლო საპყარი „ფერხებ დაშავებულს“. სიმონა ფიზიკურად მართლაც დეფექტური იყო, ქვედა კიდურების განუვითრებლობის გამო  დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო.

აღსანიშნავია, რომ ფიზიკურ ნაკლს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებისათვის არავითარი ხელშწყობა არ არსებობდა, ხელი არ შეუშლია მისთვის, რომ სასწავლებლისათვის ეხელმძღვანელა. მისი გონებრივი განვითარება და საგნების ზედმიწევნით ცოდნა, საქმეს უმსუბუქებდა.

სიმონა წარმოშობით ხონის რაიონიდან, კერძოდ სოფელ მათხოჯიდან გახლდათ. სხვადასხვა ცნობაზე დაყრდნობით, ის 1783 წელს უნდა დაბადებულიყო.

სიმონა კუტი ხონში ბავშვობიდანვე ჩამოიყვანეს. იგი თავდაპირველად ცხოვრობდა და იზრდებოდა ეკლესიის გვერდით აგებულ სპეციალურ შენობაში, რომელსაც სასაპყარე ეწოდებოდა და სადაც ათავსებდნენ ფიზიკური ნაკლის მქონე ბავშვებს.[i]

თავის აღზრდას სიმონა მთავარეპისკოპოს ანტონს (ჩიჯავაძე) უმადლოდა: „სიყრმით ჩემითგან აღვიზარდე რა მფარველობასა ქუეშე ნეტარხსენებულის მთავარ ეპისკოპოსის ანტონისა, სადაცა მომენიჭა უმაღლესისა მადლითა სწავლა საღმრთო წერილისა, ეგრეთვე წერისა და გალობისა“.[ii]

სასაპყრედან სიმონა გადაიყვანეს ეკლესიის სასწავლებელში, სადაც თავი ისახელა კარგი სწავლითა და გამორჩეული დისციპლინით.

ხონის წმ. გიორგის სასწავლებელი სასულიერო სემინარიის ფუნქციას ასრულებდა. ისწავლებოდა შემდეგი საგნები: ა) საღმრთო წერილი, რაც აერთიანებდა წერა-კითხვას, ღვთისმეტყველებასა და გრამატიკას. ბ) მათემატიკა. გ) კალიგრაფია. დ) გალობა და საერო სიმღერა, რომლებიც ძირითად საგნებად ითვლებოდა.

როგორც წყაროებიდან ირკვევა, სიმონა ყველა საგანს სრულყოფილად ფლობდა, თუმცა განსაკუთრებით დახელოვნებული საეკლესიო გალობაში ყოფილა. „ამ მგალობელმა ბევრს ასწავლა გალობა, ბევრს დავიწყებული გაახსენა, ახლაც ბევრია იმერეთში მისი ნასწავლი მღვდლები და მგალობლები“.[iii] ვკითხულობთ „ივერიის“ 1878 წლის ნომერში.

სიმონას დროს ხონის წმ. გიორგის ეკლესია საქვეყნოდ ცნობილი იყო გალობით და წირვა-ლოცვის სიმშვენიერით. მწუხრზე და ცისკარზე წიგნს ორჯერაც არ წაიკითხავდნენ, სულ გალობა ისმოდა. თუმცა, წიგნის კითხვაც საოცარი მოსასმენი ყოფილა.[iv] ღვთისმსახურება კანანარხით (კანონარქი, კანანახი) სრულდებოდა, რაც მგალობელთა გუნდისა და წიგნის მკითხველთა ხელმძღვანელობას ნიშნავს. სიმონა კუტს, სავარაუდოდ, კანანარხის ფუნქცია ჰქონდა. 

სიმონა კუტის მოწაფეებს შორის არაერთი საზოგადო, თუ საეკლესიო მოღვაწე იყო. მათ შორის განსაკუთრებით გამოირჩევიან ივლიანე წერეთელი და არისტოვლე (არისტო) ქუთათელაძე. აღსანიშნავია, რომ მათი მამებიც, გალობის ცნობილი ოსტატები ბეჟან წერეთელი და ვასილ ქუთათელაძეც სიმონას მოწაფეები იყვნენ.

ივლიანე წერეთელი იმ მგალობელთა შორის იყო, ვისგანაც ფილიმონ ქორიძემ საგალობლები  ჩაიწერა და ნოტებზე გადაიტანა. ივლიანე, რომელმაც იცოდა მთელი წლის (როგორც გამშვენებული, ისე სადა კილოს) საგალობლები, თავისი დროის ერთ-ერთ საუკეთესო მგალობლად ითვლებოდა. სწორედ ამიტომაც აირჩია ის საგალობლების გადამცემად გალობის აღმადგინებელმა კომიტეტმა 1884 წელს. 

(ივლიანე წერეთლის, რაჟდენ ხუნდაძის და დიმიტრი ჭალაგანიძის მიერ გადაცემული ერთ-ერთი საგალობელი. ასრულებს ანჩისხატის ტაძრის მგალობელთა გუნდი)

 

არისტოვლე ქუთათელაძე კი ცნობილი პედაგოგი და არაერთი სასკოლო სახელმძღვანელოს (მათ შორის, ქართული ენისა და გეოგრაფიის) ავტორი იყო. გარდა საზოგადოებრივი და პედაგოგიური მოღვაწერობისა, მას ძველი საეკლესიო გალობაც ზედმიწევნით სცოდნია. ფილიმონ ქორიძის გადმოცემით: „ჩვენს მოღვაწეს ბ. არისტო ქუთათელაძეს ზედმიწევნით ცოდნია ზეპირი ძველი საგალობლები. მას უსწავლია ცნობილი მგალობლის სიმონ კუტისაგან ხონში და დამაწერინა ნოტებზე 551 ცალი საგალობლები, რომელნიც სავსეა მელოდიური სიტკბოებით...“ [v]

1844 წლამდე სიმონას მოსწავლეები არ დაკლებია, მაგრამ რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიისა და ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, საეკლესიო მოღვაწეებისათვის, მათ შორის მგალობლებისთვისაც, მდგომარეობა თანდათან გართულდა. საფრთხე შეექმნა ყველაფერ ქართულს, მათ შორის ქართულ ენაზე ღვნისმსახურებასა და გალობას. ამის გამო, სიმონა ფინანსური დახმარების თხოვნით მიმართავს იმერეთის მიტროპოლიტს დავით წერეთელს. მისი თხოვნა რამოდენიმე წლის შემდეგ დაკმაყოფილდა. ხაზინიდან მას ყოველწლიურად 50 მანეთი გამოუყვეს. მაგრამ, მალე ეს დახმარებაც შეწყდა, რის გამოც სიმონ კუტმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები სიღარიბეში გაატარა.

სიმონა ხონის სასწავლებლის უკანასკნელი ხელმძღვანელი იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ სასწავლებელმა მალევე შეწყვიტა არსებობა. ხონის რაიონმა, მახლობელმა სოფლებმა და ზოგადად, მთელმა ქვემო იმერეთმა,  სიმონ კუტის სახით დაკარგა საუკეთესო მცოდნე და ხელმძღვანელი კითხვისა და გალობისა.

გარდაიცვალა 1867 წელს. დაკრძალულია ხონში. სამწუხაროდ, მისი საფლავის ადგილსამყოფელი უცნობია.

 

 

თემატური საკითხავი:

 

  • პეტრე ვაჭრიძე „ხონის ისტორიიდან“. თბილისი, ფარნავაზი, 1998 წელი.
  • თორნიკე ეფრემიძე, ხონის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი ანტონ ჩიჯავაძე, ქუთაისი, მინისტამბა „თეთნულდი“, 2014 წელი.

 

 

 

[i] აღსანიშნავია, რომ იმ დროს არსებობდა სპეციალური დაწესებულება (ეკლესიის წიაღში) ფიზიკური ნაკლის მქონე ბავშვებისთვის. ხონში მისი დაარსება ხონის უკანასკნელი მთავარეპისკოპოსის ანტონ ჩიჯავაძისა და იღუმენ ბასილი (ქუთათელაძის) სახელს უკავშირდება.

[ii] ქცსა, ფ. 21, საქ. 2299, 1844 წელი

[iii] ივერია, N 38, გვ.-8, 28 სექტემბერი, 1878, ლ. ივერიელი.

[iv] “წიგნის კითხვა” ცალკე ხელოვნება იყო და გულისხმობდა ლიტურგიკული ტექსტების განსაკუთრებული ინტონაციით, მელოდიურად გადმოცემას მისი შინაარსის ზედმიწევნით გამოსახატად.

[v] მოგზაური, N 37, გვ. 587-588, 9 ოქტომბერი, 1905, ფილიმონ ქორიძე.

ავტორი :